weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ციხის საავადმყოფოს ლიცენზია არ აქვს და სანიტრების ფუნქციას პატიმრები ასრულებენ – გვარამია

21:36 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, N18 სამკურნალო დაწესებულებას, სადაც შესაძლოა სააკაშვილი გადაიყვანონ, ლიცენზია არ აქვს და იქ არ მუშაობენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. როგორც გვარამიამ განაცხადა, დაწესებულებაში სანიტრების მოვალეობას პატიმრები ასრულებენ.

ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას გამორიცხავენ.

„ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეყვანა მილევად რეჟიმში და ყოფილიყო მინიმალური პირველადი დახმარების წყარო. ამის გამო მან, 2019 წლის ნოემბერში, გააუქმა ქირურგიის, ანესთეზიის, რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება. რეორგანიზაცია დასრულდა 2020 წლის 10 აპრილს. ციხის მე-18 დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ სამკურნალო განყოფილება. დაწესებულების მთავარ ექიმად ორი დღის უკან დაინიშნა მანანა ელექტეროვა, რომელიც მანამდე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. ჩვენ ხაზს ვუსვამთ საკადრო ცვლილებებს, რომელიც გამალებით მიმდინარეობს.  

ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ ორი ქირურგი, მათ შორის ერთი ქირურგი, კოტე ჭანტურიაა, რომელიც სასჯელს იხდიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვის გატაცებაზე და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის „ოცნების“ კოორდინატორი. მე ვსაუბრობ ქირურგზე, რომელიც იქ იმყოფება, რომელიც ყოფილი პატიმარია და აქვს პირადი ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან. ასევე ციხის საავადმყოფოში ამ დროისთვის არის ორი თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, ერთი ვენეროლოგი, ოთხი ექთანი მიმღებში და რენტგენს იღებს ლაბორატორანტი პორტატიული აპარატით. ასევე არის ორი ექიმი ფსიქიატრი.

სასწრაფო წესით ხდება კლინიკაში ფუნქციური საწოლების და პორტატიული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციონალური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე. ამას გარდა, ამ დაწესებულებას არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ, ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში კომპეტენტური პირები, რომ შეიტანონ ეს აპარატურა, ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, გადაწყვეტილება იყო მიღებული ციხის საავადმყოფოს მაქსიმალური გაწოვის და რეფერალურ კლინიკებში პატიმრების გადაყვანის.

დღეს კლინიკა „ვივა-მედმა“ დაგვიდასტურა, რომ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან ორი წლის წინ გაფორმდა და ყოველწლიურად, წლის განმავლობაში 2000-მდე პატიმარი მკურნალობს „ვივა-მედში“, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებიც.

უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ კლინიკაში არის 40-ზე მეტი ფსიქიურად დაავადებული პატიმარი, აქედან უმრავლესობა, დაახლოებით ¾ გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ფსიქოზიანი პატიმრები, მიდრეკილი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ. ფსიქიატრიული პატიმრებისთვის სამკურნალოდ აქ არავითარი პირობა არ არის და ისინი წარმოადგენენ საშიშროებას გარე სამყაროსთვის და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი მძიმე დარღვევა - საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას ასრულებენ პატიმრები. ეს არის სრული კატასტროფა. ამ პატიმრებს ნამდვილად არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო. მათ ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა გვარამიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მოინახულა. როგორც მან განაცხადა, მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს სამედიცინო დახმარება კერძო კლინიკა „ვივა მედში“ აღმოუჩინონ. ლუდმილა დენისოვას თქმით, პენიტენციურ სამსახურს სპეციალური შეთანხმება აქვს გაფორმებული კლინიკა „ვივა მედთან“ და 600-მდე მსჯავრდებულს სწორედ იქ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 27-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც, როგორც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ირწმუნება, მზად არის პაციენტის მისაღებად.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც ექიმთა ჯგუფმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]