weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თეა წულუკიანმა „მთავარ არხს“ მიკროფონი დაუბრუნა

16:21 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ჟურნალისტ ემა გოგოხიასთვის სამი თვის წინ წართმეული მიკროფონი დაუბრუნა.

„სად არის ემა? ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს წაუღეთ როგორც თქვენი მარცხის ნიშანი. თქვენ გააყალბეთ კვლევა, მოატყუეთ ხალხი და შემდეგ Ipsos-თან გაწყვიტეთ კონტრაქტი. რატომ? იმიტომ, რომ ხართ მატყუარები“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

თეა წულუკიანმა 23 ივლისს, სენაკის თეატრის შენობაში, „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ დააბრუნებდა.

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მის მიერვე დაქირავებული კვლევითი კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანზორ მელიას 54.7% უჭერს მხარს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას 45.3%, მაშინ, როდესაც Ipsos-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში მამუკა წოწერიას 51% უწერია, ანზორ მელიას კი – 49%.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია დღეს განაცხადა, რომ Ipsos-თან თანამშრომლობას წყვეტს, არჩევნების მეორე ტურისთვის ეგზიტპოლს მას აღარ დაუკვეთავს და არაკეთილსინდისიერი ქმედებებისთვის არბიტრაჟში უჩივლებს. გვარამიას თქმით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი კორუფციული გარიგების შესახებ.

„სამწუხაროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს სიყალბე სწორედ იმიტომაა ჩადენილი, რომ ჩვენი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი“, – განაცხადა გვარამიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]