weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ციხეში შემოსასვლელად და საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის მანდატი საჭიროა – სააკაშვილი

18:16 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი „პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გუშინ დეპუტატებს პარლამენტის წევრის მანდატზე უარის თქმას ურჩევდა, დღეს ამბობს, რომ ციხეში მასთან შესასვლელად და საკონტირუციო ცვლილებების მისაღებად, მანდატი საჭიროა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი თანამებრძოლებიდან პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და „ეს პატრიოტული მიდგომა ძალიან ახარებს“.

„მაგრამ აქვე ჩნდება კონკრეტული კითხვები. ჩემთან ციხეში შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამისთვის, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა. ამიტომ ბოიკოტი რჩება ძალაში და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, „ქართულ ოცნებას“ მარტო დატოვებენ“, – აცხადებს სააკაშვილი.

ის ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტის საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მიესალმება.

„ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ და ახალი, დემოკრატიული და კოალიციური პარლამენტის მანდატებზე გადავცვლით, რომელიც აუცილებლად იქნება მოქალაქეთა ინტერესების დამცველი. ქართველმა ხალხმა ივანიშვილი დამაჯერებლად უკვე დაამარცხა. ეს გამარჯვება უნდა გავუფორმოთ ხალხს და სწორედ ამისთვისაა საჭირო ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა.

მთავარი ამოცანაა – სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქის მაღალი ჩართულობა, წუწუნისა და პესიმიზმის სრული იგნორირება და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო. ერთობა და კიდევ ერთხელ ერთობა, მრავალფეროვანი ერთობა საქართველოსთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

პარლამენტის დატოვების შესახებ 31 ოქტომბერს, პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ხაზარაძის გადაწყვეტილება ძალიან შთამბეჭდავი იყო და თავის თანამებრძოლებს, ასევე, „ქვეყნის პატრიოტებსა და წესიერი ხალხს“ ურჩია, ხაზარაძისთვის მიებაძათ და „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დაეტოვებინათ.

პარლამენტის წევრის მანდატზე უარი თქვეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ლევან ვარშალომიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]