weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

14:28 კვირა, 07 ნოემბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღირსების მედლით ჯილდოვდებიან მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის.

„დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას!“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გასული წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მას ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და მძიმედ იყო ავად. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე კობა დავითაშვილი წერდა, რომ უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა.

„თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო, განა სამართლიანი არ იქნება, რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს?“, – წერდა სოციალურ ქსელში დავითაშვილი.

კობა დავითაშვილი 2007 წლის წლის ნოემბერში გაიტაცეს და სცემეს. ის მაშინ ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო და ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა. 2021 წლის იანვარში დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია სამართალდამცველებმა ორჯერ დაარბიეს და აქციის გასამართად საჭირო აპარატურა გაანადგურეს, კობა დავითაშვილი რამდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე მივიდა. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, ბაზრობებზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებსაც ხალხმრავალი ადგილები უნდა გაეკონტროლებინათ, ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება. მას შემდეგ, რაც დავითაშვილი სამართალდამცავებმა შეამჩნიეს, მათი ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

„სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები“, – განაცხადა პროკურატურამ ადეიშვილისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ.

2021 წლის მარტში ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მოქალაქე გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]