weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა მიწაზე თრევით მიიყვანა და იძულებით მოათავსა პალატაში – ადვოკატი

14:33 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის მოტყუებით გამოყვანაში ციხის დირექტორიც იყო ჩართული. შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ გლდანში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტი პალატაში იძულებით, მიწაზე თრევის გზით მოათავსეს.

„მეც აღშფოთებული ვარ საშინლად. ასეთი საშინელება და ის ჯოჯოხეთი, რაც ამ დაწესებულებაში სუფევს, არსად არ მინახავს. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, გუშინ მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ბატონ აკო მინაშვილს. ამ შეხვედრის მერე დაიწყეს მისი მოტყუება, პარალელურად ციხეში შესულ კონსილიუმს ატყუებდნენ, რომ პრეზიდენტი არ ჩამოდიოდა ექიმების სანახავად, პარალელურად კი დაწესებულებასთან მომლოდინე ოჯახის წევრებს, მათ შორის 75 წლის დედას და 15 წლის შვილს ატყუებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო სხვა საქმეებით და ამის გამო ვერ შეხვდებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილთან მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის, ციხის დირექტორი ბატონი ზურაბ მოდებაძე, შევიდნენ საკანში, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ ერთ-ერთ ცენტრალურ კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში და ჩაელაგებინა ბარგი.

პრეზიდენმა სცადა სიტუაციის დეტალებში გარკვევა, მაგრამ უთხრეს, რომ მისივე უსაფრთხოებოდან გამომდინარე, უფრო ზუსტ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდნენ და სთხოვეს მომზადებულიყო და წაყოლოდა. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, გაჰყვა საკუთარი ნებით, იმიტომ, რომ უთხრეს და მოატყუეს, კანონის, კონსტიტუციის დარღვევით, რომ მიჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მან მხოლოდ აქ მოსვლის შემდეგ გაიგო, სად იმყოფებოდა.

ბუნებრივია, მან უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, იმიტომ, რომ ეს არ იყო ის, რაზეც მას თანხმობა ჰქონდა გაცემული და მას სრული უფლება აქვს უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე. ამ პატიმრებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარმა თანამზრახველებმა, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფებმა, იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ, დაიწყეს მორალური შეტევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტსა და არც მის უფლებადამცველებზე, უბრალოდ, ეს არის სირცხვილი და ძალიან კარგი ინდიკატორი, თუ სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო.

მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა, იძულებით, წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მესამე პრეზიდენტის მიერ.

არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ტანსაცმელი ბუნებრივია, აღარ გვაქვს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატის თქმით, პალატაში იძულებით მოთავსების შემდეგ ძალოვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა მიხეილ სააკაშვილისთვის ანალიზების (სისხლის) იძულებით აღება, მას ნემსებით მიუახლოვდნენ და მისი დაბმა სცადეს. როგორც შალვა თუთბერიძე ამბობს, სააკაშვილმა ხელი ჰკრა ანალიზატორს, რომელიც არ დაზიანებულა და მუშაობს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გადაიყვანეს. პირველი ოქტომბრიდან ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან იმ დროს გაიყვანეს, როდესაც დედას, გიული ალასანიას და შვილებს უნდა შეხვედროდა. იმის გამო, რომ ციხის ტერიტორიაზე ვერტმფრენი გამოჩნდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ პატიმრის გადაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაარკვია, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით განხორციელდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

მოგვიანებით, ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მოატყუეს. მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, კრიმინალების გინების ქვეშ გადმოიყვანეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მას ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა, უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამავე პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]