„ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება. ეს არის ციხე. აქ არის სამედიცინო პალატა, მაგრამ ის არ არის შესაფერისი სერიოზული სამედიცინო მდგომარეობისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, არღვევს თუ არა ხელისუფლება კანონს მიხეილ სააკაშვილის ამ დაწესებულებაში მოთავსებით, სენდვიჯმა თქვა, რომ ქართული კანონმდებლობის ექსპერტი არ არის, მაგრამ რაც შეუძლია თქვას არის ის, რომ საერთაშორისო სამართლით ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს მათზე, ვინც პატიმრობაში ჰყავს და იმის გათვალისწინებით რაც ნახა, ფიქრობს, რომ ეს ვალდებულება ადეკვატურად არ სრულდება.
„ამ დაწესებულებაში უბრალოდ შეუძლებელია ვინმეს უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტისა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ დაწესებულებაში ახლა არიან მის მიერ გასამართლებული პირები. წარმოდგენა არ მაქვს, ხელისუფლება როგორ შეძლებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მსგავს დაწესებულებაში.
ვნახე ვიდეო და ძალიან შემაშფოთებელია ის, თუ როგორ მოექცნენ მას. ეს არის ადამიანი, ვის მიმართაც უფრო მაღალი პასუხისმგებლობაა საჭირო მისი ყოფილი თანამდებობის გამო. არ ვამბობ, რომ მას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მოპყრობა. მისი იძულებით მოთავსება ასეთ დაწესებულებაში, მართლაც შემაშფოთებელია, რადგან მე ის დავათვალიერე და უბრალოდ არ მესმის, ასეთ დაწესებულებაში როგორ დაიცავენ მის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გააგრძელებს მუშაობას, რომ მიხეილ სააკაშვილს მოეპყრან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება.
ჯონ სენდვიჯმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებები. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს მათ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
მიხეილ სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.