weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილის გლდანში გადაყვანა გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – ლომჯარია

11:50 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მის კერძო კლინიკაში მოთავსებასაც პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სახალხო დამცველმა უპასუხა შეკითხვას, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში მოხვდეს.

„ძალაინ მარტივად შეუძლია პენიტენციურ სამსახურს ამის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს, მიიღოს მაქსიმალური ზომები მისი ჯანმრთელობის უფლების დასაცავად და იმისთვის, რომ ის იყოს მოთავსებული იქ, სადაც მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის უზრუნველყობა და შიმშილობის შემდგომ პერიოდში რეაბილიტაციის პროცესის გავლა.

 ეს არ იქნება პრივილეგია მინიჭებული კონკრეტული პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს არის ყველა პატიმრის უფლება და ამ უფლებით მანაც უნდა ისარგებლოს. არ შეიძლებდა ის ვერ სარგებლობდეს ამ უფლებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ სხვა პატიმრები ამ შესაძლებლობით სარგებლობენ.

ამიტომ, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, გლდანში გადაყვანაც იყო გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილება.

როგორ მიიღებს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას, ვის მოუსმენს და რა იქნება მისთვის ის გარემოება, რის გამოც გადაწყვეტილებას შეიცვლის, მე არ ვიცი. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ ერთხელ ისევ ექიმების, მიუკერძოებელი მხარის, პროფესიონალი ადამიანიების უფრო მკაფიო პოზიციონირება ამ საკითხების გარშემო, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ექიმები, ჩვენ ვენდობით ამ ადამიანებს, მათ შორის კონსილიუმს და მნიშვნელოვანი იქნება, მათ თქვან, რა იქნება პატიმრის საუკეთესო ინტერესებში და ამის შემდეგ უკვე, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში არცერთი პატიმარი არ გადაუყვანიათ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]