weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე გაგრძელება – გვარამია

23:13 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობებში როდესაც ის იქნება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამის კლინიკაში გადაყვანილი, არანაირი გამოხმაურება სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. განვმარტავ რომ, მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ბრიფინგი ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელთან მარიამ ჯიშკარიანთან ერთად გამართა. მათი ინფორმაციით, „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა მოამზადა. როგორც მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, დასკვნაში ნათქვამია, რომ შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეუძლებელია შიმშილობის შეწყვეტა N18 დაწესებულებაში.

„შიმშილობა უნდა შეწყდეს მულტიპროფილურ სამოქალაქო ტიპის ჰოსპიტალში და მას უნდა მოჰყვეს მკურნალობა, რეაბილიტაციის ადეკვატური პირობები. ეს განპირობებულია იმით, რომ რეფიდინგის სინდრომს შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული გართულებები პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემის მხრივ, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის მხრივ და ეს გართულებები შესაძლოა იმდენად რთული იყოს, რომ მყისიერად დადგეს სიკვდილი. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც იგი იმყოფება, ამგვარი მკურნალობის, რეფიდინგის გართულების პრევენციის შესაძლებლობები“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]