weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

იგეგმება სხვა საკრებულოს წევრების, რიგითი მოქალაქეების შიმშილობა – წითლიძე

13:18 სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას კიდევ შეუერთდებიან საკრებულოების წევრები და რიგითი მოქალაქეები.

„იცით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შიმშილობენ, მათ შორის, პარლამენტში ჩვენი მეგობრები, რუსთავის საკრებულოში და ეს პროტესტი იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, იმიტომ, რომ იგეგმება სხვა საკრებულოს წევრების, რიგითი მოქალაქეების შიმშილობა. ამაზე პასუხისმგელობა ეკისრება ხელისუფლებას. ერთადერთი მოთხოვნა აქვთ ამ ადამიანებს – გადაიყვანონ კერძო კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობა არის უდიდესი რისკის ქვეშ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ეს ადამიანიები შეწყვეტენ შიმშილობას“, – განაცხადა ანა წითლიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შიმშილობა საკრებულოს ხუთმა ახლადარჩეულმა წევრმა დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მთავრობის ინიციატივით შექმნილ ექიმების კონსილიუმსაც არ უშვებენ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ის აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც საჭიროა მოშიმშილე პაციენტის მართვისთვის, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი მართვისთვის.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]