„ასე უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ყოველ მეორე დღეს თითო გვამი გამოჰქონდათ. როდესაც პატიმრები განწირულნი იყვნენ ტუბერკულოზით, C ჰეპატიტით და სხვა მძიმე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ წამებასა და არაადეკვატურ მოპყრობაზე. მე მაშინაც ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავდი და ამას ვაკეთებ დღესაც. ამ შემთხვევაში, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რისთვის იხდის პატიმარი სასჯელს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის ყველა წევრი აანალიზებს იმას, რომ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი.
„სწორედ ამიტომ, მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს.
ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს.
იმისთვის, რომ ჩემი სიტყვები უფრო დამაჯერებელი იყოს, ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას, ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა და თუ საჭირო გახდება დამატებითი საჭიროებები, არც ამაზე იქნება უარი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატმა სააკაშვილის გულშემატკივრებს მიმართა, რომ „მათი ტკივილის მორჩენა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელზეც წუხან“.
„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დღესვე შეწყვიტოს შიმშილობა, ამით შეასრულოს სტრასბურგის მოთხოვნა. ამით დასრულდება თქვენი წუხილიც და თქვენი მხარდამჭერების მრავალდღიანი დატჯვაც. ასევე, ამით დასრულდება საზოგადოების უსაფუძვლო დაძაბულობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ რეჟიმში ცხოვრებას და წინსვლას, თუმცა ფაქტი ერთია - ის საქართველოში მალულად შემოვიდა არეულობისთვის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ“, – თქვა ხუნდაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მთავრობის ინიციატივით შექმნილ ექიმების კონსილიუმსაც არ უშვებენ.
მიხეილ სააკაშვილი გლდანში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ის აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.
სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.
ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც საჭიროა მოშიმშილე პაციენტის მართვისთვის, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი მართვისთვის.