weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს

21:07 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულო, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას ხვალ აპირებს, რასაც ოპოზიცია, მათ შორის, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებენ.

დღეს გამართული საკრებულოს ბიუროს სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს. ძველი და ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები 26 ნოემბრის დღის წესრიგში ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის შეტანას ეწინააღმდეგებოდნენ.

„აქ არიან ამორალური ადამიანები, რომელთაც შემოაკვდათ ადამიანი, რომელთაც იყიდეს ერთი ადამიანი. ამას ვებრძვით ჩვენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული მოწმობით, როგორც არჩეულ დეპუტატს, არ მაძლევენ უფლებას, რომ დავესწრო სხდომას“, – ამბობდა „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

„არ მახსოვს ბიუროს ან საკრებულოს გადაწყვეტილებისთვის საჭირო ყოფილიყო მთელი აჭარის პოლიციის მობილიზება, „რობოკოპები“ და წყლის ჭავლის მანქანები აკლდა, რასაც ხვალ, ალბათ, მოიყვანენ აქ, უმაღლესი საბჭოს შენობასთან, სადაც 11:00 საათზე საკრებულოს სხდომა იმართება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კირთაძემ.

კირთაძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული საკრებულოს პირველ სხდომას იმის გამო არ იწვევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა დაკარგული აქვს.

„ეს საკრებულო არის ვადაგასული. არასდროს მომხდარა, რომ არჩევნების შემდეგ ამდენი დრო დასჭირვებია ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას და არასდროს ნოემბრის თვეში ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტი არ დაუმტკიცებია. რატომ მტკიცდება ბიუჯეტი ნაჩქარევად და ვადაგასული საკრებულოს მიერ? თუ ახალი მოწვევის საკრებულო არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება და ამ გაყალბების გზით არჩეულ მერს უწევს სახლში წასვლა.

მართლაც დიდი შანსია, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს ნორმალური ფუნქციონირება ვერ მოხდეს და დაიშალოს.

ადამიანებს, რომლებიც ჩვენმა ქალაქმა აირჩია, არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. მათი მთავარი ფუნქციაა, დაამტკიცონ და აკონტროლონ ბიუჯეტი. ეს თვითმმართველობის გაუქმებას ნიშნავს“, – აცხადებს კირთაძე.

„ქართული ოცების“ წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტეტე აროშიძე ამბობს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ საშუალებას, ხელი შეუშალოს „უპრეცედენტოდ გაზრდილი“ - 254 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტის დამტკიცებას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები კანონით უფლებამოსილი არიან, ბიუჯეტი მიიღონ.

„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს და ვთხოვ, რომ ხვალისთვის მაქსიმალურად უზრუნველყონ შენობის დაცვა, საკრებულოს სხდომის ნორმალურ პირობებში ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო ბიუჯეტს მიიღებს.

არ მივცეთ უფლებას, ქალაქი რამდენიმე თვით გააჩერონ, რისი მცდელობაც მათ აქვთ“, – თქვა აროშიძემ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ოპოზიციამ ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში 19 მანდატი მოიპოვა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 16. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ჯამში 16 მანდატი ჰქონდა, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი – 3.

29 ოქტომბერს გახარიას პარტიის წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნებოდა, ხოლო 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ ფუტკარაძის გადაბირებას ცდილობდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]