ქადაგიშვილის თქმით, სახეზეა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ყოვლად მიუღებელია და დაგმობას იმსახურებს.
„ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელს კონტინენტს. ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს ძალიან მჭიდროდ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან. არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს.
გამომდინარე აქედან, ყველა განცხადება და რეზოლუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენც ვამზადებთ, უნდა იყოს აცდენილი ესკალაციის გადმოტანას საქართველოში.
ერთი ძალიან საგანგაშო სიგნალი გეგმის შესაძლო განხორციელების შესახებ უკვე გაცხადებული იქნა, როდესაც ბიბილოვმა, ე.წ. თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიწყებთ მზადებას, რათა შესაძლო ქართული პროვოკაციებისგანაც დავიცვათ თავიო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება საჯარო რეზოლუციის პროექტი.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს მიმართა და უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სხდომის მოწვევას აპირებს.