weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ილუზია ნურავის ექნება რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან EU-სთვის – სამხარაძე

16:30 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპიდან რაღაც სიგნალებს იღებენ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად.

მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტით, რომელიც ქართულმა ოცნებამ გუშინ წარადგინა, სურთ, ევროკავშირს გააგონონ, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსის მირებას ემხრობა.

„ილუზია ნურავის ექნება, რომ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან, ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, უბრალოდ, ამ გართულებულ ფონზე და რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს სტატუსის მიღების დასაჩქარებლად.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რეზოლუციის პროექტით ამ სიგნალებზეა პასუხი. ევროკავშირს გვინდა გავაგონოთ, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ბრიუსელში 28 თებერვალს გაგზავნა, პირველ მარტს კი ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, იმუშაონ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატს სტატუსის მინიჭებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქარველოს ხელისუფლებას „საკმაოდ დაგეგმილი პოლიტიკა“ ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. 

„ეს პოლიტიკა იყო ის, რომ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 2/3 უნდა შეგვესრულებინა და ამის შემდეგ გაგვეკეთებინა განაცხადი, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო ახლოს ვიქნებოდით ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან. სიტუაცია იქედან გამომდინარე შეიცვალა, რომ უკრაინაში ომისა და რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და ეს არის სოლიდარობის გამომხატველი აქტი, რაც გუშინ ევროპარლამენტმა გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მსჯელობას ევროპულ საბჭოში, სადაც 27 ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ორგანოა. 27-ვე ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი ამ სტატუსის მინიჭებას ან არმინიჭებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვნახოთ, რა სურათი შეიქმნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

რეზოლუციის პროექტით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ წარადგინა, მოუწოდებენ მთავრობას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. ამასთან, პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]