weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ხულოს შემდეგ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს

10:57 პარასკევი, 11 მარტი 2022

ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას ოფისი მაღალმთიანი აჭარის კიდევ ერთ რაიონში – შუახევში აღარ მიაქირავეს. მანამდე, „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი მის გახსნამდე დაატოვებინეს ხულოში.

„არ მაწყობს და არ გვაწყობდა ეს პრორუსული პარტია ჩვენს ტერიტორიაზე და ამის გამო გავუშვი. ოფისი ჯერ გახსნილი არ ყოფილა, სიტყვიერად მოვილაპარაკეთ და ხელშეკრულება გაფორმებული არ გვქონია“, – განაცხადა დავით დავითაძემ, რომელიც იმ ფართის მესაკუთრეა, სადაც „ალტ-ინფოს“ პარტია ოფისის გახნას გეგმავდა.

როგორც დავითაძე ამბობს, ფიქრობდა, რომ ფართს ზვიად ძიძიგურის „კონსერვატიულ პარტიას“ აქირავებდა.

„ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისის გახსნის საშუალება ხულოშიც არ მისცეს. ახალგაზრდები, რომლებიც ოფისის გახსნას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ ისლამოფობიას აღვივებს, მისი წევრების მიზანი კი პროვოკაციების მოწყობა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებაა. „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ამ ახალგაზრდებს „რადიკალი ისლამისტები“ უწოდეს და „თურქეთის სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, დაემუქრნენ მათ, რომ მას შემდეგ, რაც „ხელისუფლებაში მოვლენ“, „საქართველოში აღარ გააჭაჭანებენ“.

მარტის დასაწყისში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა მესტიაშიც გააპროტესტეს, თუმცა, როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, იქ მუშაობას აგრძელებენ და ოფისის დატოვებას ვერავინ აიძულებთ, რადგან „სვანეთში დიდი მხარდაჭერა“ აქვთ. „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ქარდავას თქმით, ოფისებს მთელ საქართველოში გახსნიან, მათ შორის, მაღალმთიან აჭარაშიც. ქარდავას ინფორმაციით, უკვე 70 ოფისი აქვთ და „ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებენ პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას“.

 პრორუსული პარტიის დახურვას ითხოვენ მარნეულშიც. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსაც მიმართა. ბაირამოვა მიიჩნევს, რომ „ალტ-ინფოს“ და მისი პარტიის წევრები რეგიონებში ეთნიკური შუღლის გაღვივებას და პრორუსული ღირებულებებების გავრცელებას გააგრძელებენ.

„ალტ-ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის ნოემბერში დააფუძნა. ზურაბ მახარაძემ, რომელიც პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, დამფუძნებელ ყრილობაზევე განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთთან „არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დაიწყონ, არამედ იმუშაონ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დაალაგონ“. საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ დეკემბერში დაარეგისტრირა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]