weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გახარიას პარტიის წევრს და წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატს გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა

20:01 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022
გიორგი გახარია და გელა აბულაძე გიორგი გახარია და გელა აბულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წალენჯიხის საკრებულოს წევრს პარტიიდან „საქართველოსთვის“, გელა აბულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პატიმრობა გამოიყენა სოფელ ეწერში წალენჯიხის მერის ყოფილი წარმომადგენლის, ანზორ ფიფიას მიმართაც.

გელა აბულაძე ბრალს არ აღიარებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ის თავდებობით გათავისუფლებულიყო. აბულაძეს თავდებში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები – ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე წალენჯიხის საკრებულოს წევრები უდგებოდნენ, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აბულაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა დანარჩენი 9 ბრალდებული, რომელთა შორის აბულაძის ოჯახის წევრები, „მასთან დაახლოებული პირები“ და ასევე, წალენჯიხის მერიის თანამშრომელი არიან.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 მაისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

გელა აბულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 28 მარტს დააკავა. უწყების ინფორმაციით, აბულაძე 2020 წლის პირველ ნახევარში დაუკავშირდა ანზორ ფიფიას და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გელა აბულაძემ, ჯამში, 100 083 კვ.მ ფართობის 9 მიწის ნაკვეთი თაღლითური გზით გააფორმა საკუთარ დედაზე, დაზე, ბიძაშვილებსა და „სხვა ნდობით აღჭურვილ პირებზე“.

პროკურატურამ საკრებულოს წევრს და „მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ რვა პირს“ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ანზორ ფიფიას, პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს გულისხმობს წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და სამსახურებრივ სიყალბს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე სამსახურებრივი სიყალბის მუხლით არის ბრალდებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გელა აბულაძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის „საქართველოსთვის“ წევრია. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ის წალენჯიხაში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და იმავდროულად საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. არჩევნებში გელა აბულაძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო და საკრებულოს წევრი გახდა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ აბულაძის დაკავება საარჩევნო პერიოდში მასზე დაწყებული ზეწოლის გაგრძელებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]