weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ ვართ ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნა შეუძლია – ზურაბიშვილი

13:20 პარასკევი, 01 აპრილი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნა შეუძლია. ამის შესახებ მან ამერიკული ტელეკომპანიის, CNN-ის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა კითხვის დასმის დროს თქვა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხმამაღალა უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, მაშინ, როდესაც მმართველი პარტია, საქართველოს მთავრობა ასე არ იქცევა.

„ის არ უჭერს მხარს სანქციებს, უკრაინელებს არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უგზავნის თავდაცვისთვის. ეს თქვენ მთავრობასთან გაპირისპირებთ. როგორ ფიქრობთ, რატომ იკავებს მთავრობა თავს?“, – იკითხა ამანპურმა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს ზუსტი აღწერა არ არის.

„პირველ რიგში, ჩვენ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში ვმონაწილეობთ და ეს საკმაოდ დიდი რამ არის საქართველოს ფინანსური სექტორისთვის. ამავე დროს, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა რეზოლუციაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად მიიღება. ასე რომ, ვფიქრობ, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, შესაძლოა, ეს ფორმულირებებია, რომელსაც მთავრობა იყენებს… და გრძნობა, რომელიც არის მოსახლეობაში, ყოვლისმომცველია. თბილისში თუ ჩამოხვათ – და იმედი მაქვს, რომ ჩამოხვალთ – ნახავთ, რომ უკრაინის დროშები ყველგანაა. მხარდაჭერის საჩვენებლად ძალიან ბევრი ინიციატივაა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ, რომ ჩვენ ვიზიარებთ რუსული აგრესიის ორსაუკუნოვან საერთო ისტორიას და ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ნამდვილად სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ.

რაც შეეხება უკრაინაში შეიარაღების გაგზავნის საკითხს, ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც გავიღიმებდი, რადგან საქართველო არ არის ის, რომელსაც შეუძლია რეალურად ცვლილების მოხდენა და უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნა.

არის მრავალი სხვა ქვეყანა, რომელიც დაცულია მეხუთე მუხლით და შეუძლიათ ამის გაკეთება, აკეთებენ კიდეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც დაცული არიან და უსაფრთხოების გარანტიები აქვთ, ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ იმისთვის, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ. ამ მხრივ მე სრულად დავეთანხმებოდი უკრაინის პრეზიდენტს და ვიტყოდი, რომ ვისაც შეუძლია მეტის გაკეთება, უნდა გააკეთოს მეტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასთაბიანი ომი დაიწყო. დასავლეთის სახელმწიფოების განცხადებით, ეს არაფრით პროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა იყო, რის გამოც რუსეთის წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური სანქციები მიიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციები ეფექტური არ იყო. გარდა ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თქვა, რომ რძის პროდუქტები მწარმოებელი კომპანიებისთვის რუსეთში პროდუქციის გატანაზე ნებართვის მიცემა შესაძლებლობაა „ბოლომდე ამუშაონ თავისი სიმძლავრეები“.

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი გაიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]