weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკითხი მთავრობებს შორის უნდა გაირკვეს – დეგნანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

23:24 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს მეშვეობით ცდილობს სანქციებისთვის გვერდის ავლას, განაცხადა, რომ საკითხი სამთავრობო არხების მეშვეობით უნდა გაირკვეს.

„ეს არის სერიოზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. ეს არის მართებული გზა ასეთი საკითხების გამოსაძიებლად. საქართველოს მთავრობამ განცხადა, რომ არ მისცემს საშუალებას, საქართველო იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ცხადია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, ბატონმა პუტინმა წამოიწყო ეს ომი და მას შეუძლია მისი შეჩერება დღესვე. მას შეუძლია, შეაჩეროს სასტიკი და არაცივილიზებული თავდასხმა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის ელჩის თქმით, სანქციები არსებობს იმისთვის, რათა ომის შესაჩერებლად პუტინზე ზეწოლა მოხდეს, ხოლო იმისთვის რომ ზეწოლა განხორციელდეს, სანქციებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.

დეგნანის განცხადებით, არსებული დაპირისპირებით, მხოლოდ რუსეთი სარგებლობს: „მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 4 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, რუსები ამას უკვე დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა შემცირდებდა.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ საქართველოსგან ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“, – განაცხადა კულებამ.

საქართველოს სახელმწიფო საფრთხოების სამსახური და მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირიქით, უკრაინული მხარისგან ითხოვენ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომელიც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებს. როგორც სუს-მა განაცხადა, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, რომელიც საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას ისახავს მიზნად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]