weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაცმოძრაობას“ ომში ჩვენი ჩათრევა სურს, ზელენსკის მთავრობაც ამას ცდილობს – ინაშვილი

10:54 ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022

პრორუსული პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც მოსკოვში შეხვედრებს მართავს, აცხადებს, რომ ახლა საქართველო რუსეთს ნეიტრალიტეტსა და მშვიდობაზე უნდა ესაუბროს.

ინაშვილი Facebook-ზე ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებისთვის თავის არიდებას და მათ შორის, სამხედრო დანიშნულების საქონლის შეტანას ცდილობს.

„ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი საქართველოს მეგობრად. ყოვედღიურად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველო როგორმე ჩაებას რუსეთთან კონფლიქტში. ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან იმგვარი განცხადებები კეთდება, რომ ეს არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არც კორექტული და არც ობიექტური. რა კონტრაბანდული იარაღი?! ხომ ყველას ესმის, რომ საქართველოდან არაფერი მსგავსი არ ხდება! 

საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა, – ეს ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა, რასაც აკეთებს უკრაინის მთავრობა.

მეორე ფრონტი საქართველოზე არ უნდა გაიხსნას. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. მე სრულიად ვიზიარებ უნგრეთის ხელისუფლების პოზიციას. კონკრეტულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების პათოსს, რომ უნგრეთი იცავს მისი ხალხის ინტერესს და რომ უკრაინის ომი მათი ომი არაა“, – ამბობს ირმა ინაშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ორი თვის წინ რომ ელაპარაკა ნეიტრალიტეტზე, ქვეყანა ომს აიცილებდა.

„ამდენი მსხვერპლი, ნგრევა, ამხელა უბედურება არ იქნებოდა და ჩვენ ასეთ ტრაგედიას უნდა ავაცილოთ ჩვენი ქვეყანა. რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება, მით უმეტეს ახლა, როცა უკრაინა ომშიაო – ეს „ნაცმოძრაობის“ ბოროტი პროპაგანდაა. „ნაცმოძრაობას“ ომში ჩვენი ჩათრევა სურს და ალბათ, ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს. ეს არ უნდა დავუშვათ! ეს არ უნდა დავუშვათ!

გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც... და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც“, – წერს ირმა ინაშვილი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 4 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, რუსები ამას უკვე დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და სანქციების გავლენა შემცირდებდა. კულებას თქმით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს“, რომ ამას არ აკეთებენ.

საქართველოს ხელისუფლება უკრაინული მხარის ინფორმაციას უარყოფს და მას მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]