weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ქუთაისში შეიძლება გაკეთდეს ტექნო-პარკი, დაახლოებით სილიკონ ველის მსგავსი – ღარიბაშვილი

16:32 შაბათი, 30 აპრილი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში და მის მიმდებარედ, შესაძლოა „უნიკალური“ ტექნოლოგიური პარკი გაკეთდეს. ამის შესახებ მან იმერეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე აქტიურად ვმუშაობ, რამდენიმე მსხვილ ჯგუფთან. მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად შემოედინებიან IT სპეციალიტები, ექსპერტები, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ და ემსახურებიან გლობალურ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. განვიხილავ, რომ ქუთაისის პარლამენტის – თვითონ პარლამენტის შენობაც და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნო-პარკი, რაც ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ. ამას მინდა მივაბა IT სპეციალობის კურსები, გადავამზადოთ ათასობით ადამიანი, ათასობით ჩვენი ახალგაზრდა. ამაზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა მას დასაზუსტებლად ჰკითხა, გულისხმობდა თუ არა ტექნო-პარკის გახსნას პარლამენტის ყოფილ შენობაში.

„მათ შორის. არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან და კიდევ სხვებიც, ევროპელები. ტრანსნაციონალური კომპანიებია, რომლებიც განიხილავენ და აქვთ სურვილი, რომ...

შეიძლება მანდ გაკეთდეს უნიკალური, რომ იტყვიან, რეგიონში კი არა, საერთოდ ძალიან ეფექტური, თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, ტექნო-პარკი. აი, როგორიც არის დაახლოებით სილიკონ ველის მსგავსი ამერიკაში.

მოლაპარაკებები გვაქვს ამ კომპანიებთან, ორი-სამი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, მაგრამ ჩვენი გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს მაქისმალურად დაცული - არა მხოლოდ ჩამოსულები დავასაქმოთ, არამედ ადგილობრივები, გადავამზადოთ. IT სპეციალობა ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა მსოფლიოში. კარგი IT სპეციალისტის საშუალო ხელფასი თვეშ 4-5 ათასი დოლარია. რაც მტავარია ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მას ასევე ჰკითხეს, როდის აშენდება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა, რომლის მშენებლობა მთავრობამ ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსა. 

„ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული და მასთან დაკავშირებით ხარვეზებიც იყო. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, რომელმაც პერსპექტივა გადაწია, მაგრამ გვაქვს მცედლობა განვაახლოთ ეს პროექტი ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც პროექტში თავდაპირველად იყვნენ ჩართული. აქტიურად მიდის მუშაობა“, – აღნიშანა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2019 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობდა, რომ ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ქართულ და ევროპულ ბაზრებზე 2020 წლიდან გამოჩნდებოდნენ.

 

ამ თემაზე:

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]