weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე სააკაშვილზე: სიმულიანტობს და ცდილობს, ამის ხარჯზე თავი დააღწიოს საპატიმროს

20:26 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობს და ამ გზით საპატიმროდან თავის დაღწევას ცდილობს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზირების მცდელობა და ბუნებრივია, ამ მცდელობაში ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ შევყვებით. რა თქმა უნდა, სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ რისკის ფასად ჩამოდიოდა საქართველოში. მას ამ ქვეყანაში ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, მათ შორის, კონკრეტულ დანაშაულებზე შეფარდებული აქვს სასჯელი. მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა არ იქნებოდა რისკის გარეშე. ჩამოვიდა, გარისკა და მოხვდა იქ, სადაც არის მისი ადგილი.

ახლა სიმულიანტობს და ცდილობს, სიმულიანტობის ხარჯზე თავი დააღწიოს საპატიმროს. ბუნებრივია, ეს აპრიორი გამორიცხულია.

აქედანვე შეძლება ითქვას, რომ ნებისმიერი სიმულიანტობა, თვითდაზიანება და რაიმე მსგავსი ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნები ვიზუალური დათვალიერებით კეთდება, რასაც „ქართული ოცნება“ სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ არის ანორექსია. ანორექსია რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე. ანორექსია 90%-ში ქალებს ახასიათებთ, 10%-ში –  კაცებს. ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად, ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით, თუმცა ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები მას ორჯერ ირჩევდნენ პრეზიდენტად, რაც მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. იგივე ადამიანები, ვინც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას, რასაც არ აქვს საფუძველი. ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი და დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება.

არ ვიცი. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ აქამდე, ამ ფსიქიკური  პრობლემებით, ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და დღეს სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. დაპატიმრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეზე მეტი შიმშილობდა, რის შემდეგაც ჯერ გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რუსთავის ციხეში ის დეკემბრის ბოლოს დააბრუნეს. 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე „ფეხები წაერთვა“ და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. მისივე თქმით, კიდურებში ტკივილები აქვს, რის გამოც ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში დაახლოებით 12 კილო დაიკლო და საკვებს პრაქტიკულად ვერ იღებს.

22 აპრილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა. მათი დასკვნით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ არ არის შესრულებული მათ მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ოჯახი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ოჯახმა ხელისუფლებას შესთავაზა, რომ თუ ქართველი ექიმების დასკვნას არ ენობა, სასწრაფოდ მოიწვიოს საერთაშორისო კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეამოწმებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

ამ თემაზე:

ანორექსია, კუნთების განლევა და სისუსტე – ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობაზე

პარლამენტის ექიმო წევრებო მომინახულეთ როგორც პაციენტი – სააკაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]