weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხუნდაძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ მასთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს და ურჩია, ექიმებს დაუჯეროს

13:07 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას უპასუხა და განმარტა, რატომ არ აპირებს მის მოსანახულებლად ციხეში მისვლას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, სააკაშვილს ყველანაირ საჭირო სერვისზე მიუწვდება ხელი და მიიღებს თუ არა მათ, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

„ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყის ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად, რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ თქვენი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით.

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

თქვენი ჯანმრთელობა რომ იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს, როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ.

სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი. მით უმეტეს, მე არ გახლავართ იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად გჭირდებათ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, დაუჯეროთ მკურნალ ექიმებს და შეასრულოთ მათი რეკომენდაციები და რჩევები.

რაც შეეხება ციხიდან გათავისუფლებას დადგენილების საფუძველზე, მე არ გისურვებდით, რომ იმ დიაგნოზით და იმ კრიტერიუმებით გათავისუფლებულიყავით ციხიდან, რაც იქ არის ჩამოთვლილი, რადგან არ მსურს, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ისე, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი, სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა.

თქვენი მომართვიდან ვრწმუნდები, რომ პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლით. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოგვიწოდებთ, თქვენგან გამოსულებმა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთოთ. გვიწვევთ როგორც ექიმებს და განცხადებებს გვთხოვთ, როგორც პოლიტიკოსებს. მეც, როგორც ექიმი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე“, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და საჭრიროა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილი „სიმულიანტობს“ და ამ გზით საპატიმროდან თავის დაღწევას ცდილობს.

საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განმარტა, სასჯელი იმ შემთხვევაში შეიძლება გადავადდეს, თუკი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან

„ასევე შესაძლებელია სასჯელისგან გათავისუფლება. მათ შორის, პრინციპული სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ სასჯელის გადავადებისას განკურნების ალბათობა არსებობს, ხოლო გათავისუფლების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლო იღებს და არა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]