ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა ამ მაღალ თანამდებობაზე ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. რუსეთი, თავის მხრივ, გააგრძელებს ჩვენი სამხრეთ ოსეთელი მეგობრებისთვის სრული მხარდაჭერის აღმოჩენას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე 10 მაისს გამოქვეყნდა.
პუტინმა გაგლოევს წარმატება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, პარტია „ნიხასის“ კანდიდატმა, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. როგორც ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ოქმების 97%-ის დათვლის შემდეგ განაცხადეს, გაგლოევმა ხმების 54.2% (15 867 ხმა) მიიღო, ხოლო მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა – 43.30% (11 434 ხმა).
საქართველოს ხელისუფლება ე.წ. არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას.