ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა წულუკიანის ბრალდებები იმის შესახებ, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკშია.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, როცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშას (სააკაშვილის) გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის განათლებული ადამიანია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის დემოკრატიის მხარდამჭერი იყო.
ახლა რაღაც მოხდა, არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ! მიკვირს, რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს. მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია.
წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი. როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც.
ჩვენ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონი და „უცხოელების ჯგუფი“ ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებენ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მთავრობის „გადაყირავება“ სურთ. წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი „დიდად არ აღელვებს“.
„ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია ქართულ პოლიტიკაში, პირდაპირ ერევა და ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს. იმიტომ, რომ თავის მეგობრებს [„ნაციონალურ მოძრაობას“] გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას ღიად მიაყენოს შეურაცხყოფა. ეს ფაქტია. ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ, იმიტომ, რომ აქ არის დამოუკიდებელი საქართველო“, – განაცხადა წულუკიანმა.
17 მაისს, 9 ევროპარლამენტარმა, რომელთა შორის ვიოლა ფონ კრამონიც იყო, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მათი შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.