„ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გამოწვევები არ ცხრება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს აშკარა რუსული მორიგი დეზინფორმაციაა.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ.
ყველასთვის ნათელია დღეს, რომელი ქვეყანა ემუქრება მის მეზობლებს და მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და თუნდაც სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა.
გთავაზობთ, რომ როგორც წარსულში ვქმნიდით ერთად ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემას და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას.
ამ დროს, რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმისა და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს შედეგს – ჩვენს შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის.
რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობობის სათანადო რეაქციებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერნდუმი 17 მაისს არის დანიშნული. ეს თარიღი ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გამოაცხადა. კრემლში ირწმუნებიან, რომ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით არ მუშაობენ.