weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ქალბატონი სალომე მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს იმეორებს – ღარიბაშვილი

13:54 შაბათი, 11 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების“ ნარატივში ჩაჯდა.

ღარიბაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა მთავრობის უმოქმედობაზე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

„გასაგებია ყველაფერი. სამწუხარო არის ის, რომ საერთოდ, პირდაპირ იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დექსტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს. მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე იმედი მაქვს, რომ ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან ჩამოთვალა, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

„მე არაერთი შეხვედრა, სატელეფონო საუბარი, მათ შორის, პირადი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან - მათ შორის, იმ ქვეყნების ლიდერებთანაც, ვისაც განსაკუთრებული სკეპტიციზმი აქვთ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩასულ ვიყავი ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს, მონაწილეობა მივიღე არაერთ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრაში და რა თქმა უნდა, მე საჯაროდ, მათ შორის, დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ახლახანს ბრატისლავაში ვიმყოფებოდი, სადაც ასევე ღიად ვისაუბრე ამ პერსპექტივაზე, რომელიც უკავშირდება განაცხადის შეტანას.

საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ჩვენ პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან გვქონდა აქტიური მუშაობა.

პირადად მე, მთელი საგარეო გუნდი - ელჩები, დიპლომატიური კორპუსი იყო ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, 10 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრიუსელში ჩავიდა, რათა „ბოლო ძალისხმევა არ დაეშურებინა“ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საფრანგეთში, პოლონეთსა და შესაძლოა უკრაინაში გამგზავრებასაც აპირებდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო.

„ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გაკეთებული კომენტარები საშუალებას არ აძლევს, საქართველოს კანდიდატურა ეფექტურად დაიცვას.

ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო, რომ მთავრობამ პრეზიდენტს საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში გამგზავრების საშუალება არ მისცა. ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]