weather cur horoscope tv
აგვისტო 18, 2022

„ოცნების“ დეპუტატები აქციის მოთხოვნებს „არარეალურს“ და „არაკონსტიტუციურს“ უწოდებენ

18:22 შაბათი, 25 ივნისი 2022
24 ივნისის აქციის მოთხოვნების გამოცხადება / მოძრაობა „სირცხვილიას“ ფოტო 24 ივნისის აქციის მოთხოვნების გამოცხადება / მოძრაობა „სირცხვილიას“ ფოტო

„ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ არარეალური და არაკონსტიტუციურია ის მოთხოვნები, რაც გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააყენეს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ აბსურდული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.

აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები მთავრობის გადადგომას და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნას ითხოვენ, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად იმუშავებს.

„ის, რაც აქციაზე იქნა გაჟღერებული, აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია და არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რაც უკვე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით არის საქართველოსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არანაირი ეს აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება და პირიქით, ახლა არის უფრო მეტი კონსოლიდაციის დრო, უფრო მეტი ლიდერობის დრო - განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან - რათა ყველა ის მოთხოვნა და რეკომენდაცია, რაც ევროკომისიის მიერ იქნა გაცემული, დროულად შესრულდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სოზარ სუბარის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას თანამშრომლობის ხელი გაუწოდა, პასუხად კი „აბსოლუტური პოლარიზაცია“ მიიღო.

„მივიღეთ არარეალური მოთხოვნები - პრაქტიკულად ხელისუფლების გადადგომა და ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, ვისაც ქართველმა ხალხმა მრავალჯერ უთხრა, რომ მათ არასდროს აირჩევს.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და შესაბამისად, ისინი არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნათლად დაინახავს დღეს საქართველოში არსებულ სურათს“, – აღნიშნა სუბარმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ 20 და 24 ივნისის აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც „მერკანტილური მოტივებით ამ ყველაფრის გამოყენებას ცდილობს“.

„მაქარაშვილი ან ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები... ლომჯარიაზე იყო საუბარი და მათ უნდა შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი. ამაზეა საუბარი? ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?“, – თქვა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან. 

24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს. მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]