weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„საჭიროა სიმართლის ლაპარაკი“ – „ქართული ოცნება“ თელავის საკრებულოს წევრმაც დატოვა

17:25 ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022

თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლოშვილმა „ქართული ოცნება“ და ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, სიმართლისთვის ბრძოლას აპრებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს, ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს“, – წერს კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, დღეს ევროპულობას ამოფარებულები გარკვეული ძალები ებრძვიან ყოველივეს, რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დგას საქართველო.

„ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი, სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით.

მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ძალას რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს“, – აღნიშნავს კოჭლოშვილი.

„ქართული ოცნება“ თავდაპირველად პარლამენტარებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს, რასაც მათი მხრიდან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის საწინააღმდეგო განცხადებები მოჰყვა. ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილითაც მიმართა, სადაც წერდა, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, აშშ-სგან დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. დეპუტატმა ელჩს მისწერა, რომ „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ და როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნება, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ელჩი ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ან სულაც, ეს მოთხოვნა მისი მოფიქრებულია.

კელი დეგნანის პასუხი იყო, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით არის სავსე და ის ბოლომდე ვერ წაიკითხა. ამის გამო დეგნანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკრიტიკა.

მიხეილ ყაველაშვილს მხარდაჭერა რამდენიმე საკრებულოშიც გამოუცხადეს. პირველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გამოეყო, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე იყო, რომელმაც სხვა საკრებულოების წევრებსაც მოუწოდა, მას მიბაძონ, თუმცა ისე არ გააკეთონ, რომ „რომელიმე რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]