weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რას ნიშნავს „დეოლიგარქიზაცია“? – კარლ ჰარცელის პასუხი

11:45 ხუთშაბათი, 14 ივლისი 2022

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა შეკითხვას, რას ნიშნავს „დეოლიგარქიზაცია“. მისი თქმით, ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე.

„მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მსგავსი პრიორიტეტები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვასთვის, რადგან ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი.

იმისთვის, რომ საქართველო იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია, ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

კარლ ჰარცელი ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ გეგმასაც შეეხო.

„სამოქალაქო საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ თავისი გეგმა შეიმუშავა, სადაც ვნახე, რომ ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც, ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, რომ როგორც კი 12 პრიორიტეტი ევროკომისიის მიერ შესრულებულად იქნება მიჩნეული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ხელში გადავა.

„მეკითხებიან, როგორია ჩემი პირადი შეხედულება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ. ჩემი აზრით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის. მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით. მას გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ქართველის ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა მომავალში ევროკავშირში იხილოს, თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ, როგორც აქამდეც მითქვამს, საქართველოს უბრალოდ შეუჩერებელს გახდის, მაგრამ ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი. უპირველეს ყოვლისა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

ამ თემაზე:

„დეოლიგარქიზაცია“ დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს – ევროპარლამენტარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]