weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ოცნებიდან“ წასულები: აშშ-ის საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას

11:58 პარასკევი, 26 აგვისტო 2022
სოზარ სუბარი სოზარ სუბარი

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მორიგ ბრალდებებს უყენებენ. მათი თქმით, ამერიკის საელჩო საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას ვერ ეგუება და მის გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს.

ახალ განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატები წერენ, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „მორიგი აღიარებითი ჩვენებაა“.

„ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ესაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული“, – ვკითხულობთ დეპუტატების განცხადებაში.

ისინი ელჩ კელი დეგნანის იმ განცხადებასაც ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „არცერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა როგორც სრულად სამართლიანი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პასუხისმგებლობა არ არის, რომ საზოგადოების ნდობა ნაკლებია არჩევნების შედეგების მიმართ.

„სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი. ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ISFED-ის ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა.

როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია.

ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა „სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ „სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის“, – წერენ დეპუტატები.

მათივე თქმით, „სრულიად გამაოგნებელი იყო“, რომ ელჩმა დეგნანმა „სტატისტიკურ, უმნიშვნელო შეცდომად“ შეაფასა ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის („პივიტის“) შედეგები. როგორც დეგნანმა თქვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ ამ შეცდომის ისე წარმოჩენა, თითქოს რევოლუციური სცენარი იყო ან გამიზნულად მოხდა, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა.

„ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, ISFED-ის მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს.

რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე „პივიტის“, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც „ისფედის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, 0.7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და „პივიტის“ შედეგებს შორის სხვაობა 0.7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და „პივიტის“ მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2.4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან „პივიტი“. აქვე შეგახსენებთ, რომ 2.4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და „პივიტის“ ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2.4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, „პივიტი“ იყო გაყალბებული.

რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, „ისფედის“ მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „პივიტის“ ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, „პივიტის“ თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც ISFED-ის ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. ISFED-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს „პივიტის“ ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა „პივიტის“ სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული.

ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია - ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, ISFED-მა გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, ISFED-ისვე დასკვნით, არჩევნებზე 4.1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, ISFED-მა „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45.8 პროცენტი დაუწერა და ამას 4.1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48.2, არამედ 41.7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია“, – აცხადებენ დეპუტატები.

სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და გურამ მაჭარაშვილისთვის ასევე „სრულიად გამაოგნებელია“ ელჩის განცხადება კომუნიკაციების კომისიის გადაწვეტილებასთან დაკავშირებით. კომისიამ, „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 118 688 ლარით დააჯარიმა, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კიდევ ორი ტელეკომპანია კი გააფრთხილა მოძრაობა „სირცხვილიას“ ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო.

„არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე.

საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება.

 ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბება იყო.

თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლები.

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პირველები იყვნენ, ვინც ივნისის ბოლოს „ქართული ოცნებიდან“ წასვლისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, სახელისუფლებო პარტიასთან მხოლოდ იმაზე ვერ შეთანხმდნენ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას „სიმართლე“. პარტიიდან წასვლის შემდეგ დეპუტატებმა არაერთი ანტიდასავლური და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს. ივლისის ბოლოს მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა, რის შემდეგაც „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. საზოგადოებრივ მოძრაობაში საკრებულოებში „ქართული ოცნებიდან“ წასული რამდენიმე დეპუტატიც გაერთიანდა.

რადიკალური განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა. მისი თქმით, „ორი აზრი არ არის“, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ზიანის მიმყენებელ განცხადებებს მათი სახელით ახმოვანებს.

„არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან... თუ არა, მაშინ საჭირო იქნებოდა, მთავრობიდან, ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე რაც მახსოვს, ყველა, ვინც გავიდა და „ქართული ოცნებიდან“ ერთი ნაბიჯი გადადგა, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა არ არის მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების. მე მგონი, ყველასთვის ნათელია სურათი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]