weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თიანეთი-ჟინვალის გზაზე მეჭიაურის შტაბიდან გასული დამკვირვებლების მანქანა დაიწვა

02:48 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

დაახლოებით 00:10 საათისთვის, თიანეთი-ჟინვალის გზაზე "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" დამკვირვებლების ავტომობილი დაიწვა. მანქანა თიანეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მასში მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე ისხდნენ.

როგორც რამაზ ღვალაძემ "რეგინფოს" განუცხადა, ის და მახარე სისაური თიანეთიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. "თამაზ მეჭიაურის საარჩევნო შტაბში ვიყავით. შეხვედრა რომ დავასრულეთ, თბილისში ვბრუნდებოდით. თიანეთი-ჟინვალის გზაზე, სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილი გვესროლეს. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ჩვენ გადავრჩით", - განაცხადა რამაზ ღვალაძემ. ის და სისაური ამ დროისთვის დუშეთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

თამაზ მეჭიაურის თქმით, როგორც მან შეიტყო, მანქანას, რომლითაც ღვალაძე და სისაური გადაადგილდებოდნენ, საპირისპირო მხრიდან მოძრავმა მანქანამ შუქები აუნთო და გაჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც მათ თავს დაესხნენ.

"ისინი ჩემთან იყვნენ შტაბში. 21 ოქტომბერს მახარე სისაური ზუსტად იმ, მე-20 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დამკვირვებლად, სადაც გაბათილებული რამდენიმე ხმა საოლქო კომისიამ გააცოცხლა და ჩემს კონკურენტს, ლელა ქიტესაშვილს დაუმატა, რითიც ის გამარჯვებულად გამოაცხადა. საქმის განხილვა უკვე სასამართლოში გრძელდება და მახარე სისაური ამ საქმეზე მოწმეა", - აღნიშნა მეჭიაურმა. ის არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა თიანეთის მერის არჩევნებს უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დუშეთის პოლიციამ დაიწყო.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა: თამაზ მეჭიაური პარტიიდან „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ და ლელა ქიტესაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“.

22 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს 50.06% ჰქონდა, ლელა ქიტესაშვილს კი 49.94%.

მოგვიანებით ცესკომ მონაცემები შეასწორა და ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა მიაკუთვნა, თამაზ მეჭიაურს კი 3077.

იმავე დღეს, საღამოს, ცესკომ მე–20 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დაურთო, რომლის მიხედვითაც, კომისიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე ხელახლა გადათვალა მე–20 საარჩევნო უბანზე ბათილად მიჩნეული ბიულეტენები, საიდანაც 5 იყო სადავო და კომისიის განმარტებით, „რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება, კომისიამ იმსჯელა თითოეულის ბათილობის თაობაზე, ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ბიულეტენები მიიჩნია ნამდვილად და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს დაუმატა“.

ამ ცვლილების შემდეგ ლელა ქიტესაშვილს 3081 ხმა აქვს, თამაზ მეჭიაურს კი 3077. შესაბამისად, ქიტესაშვილმა მეჭიაურს 4 ხმით გაუსწრო და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50.03%–ით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის საოლქო კომისიამ მერის არჩევნების შედეგების შეცვლის გადაწყვეტილება მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით მიიღო. მეჭიაური ამბობს, რომ ქუცნაშვილის მოთხოვნით მოხდა კენჭისყრის დასრულების შემდეგ საოლქო კომისიასთან სპეცრაზმის მობილიზებაც. მეჭიაური საოლქო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში ასაჩივრებს და არჩევნებში გამარჯვებულად ცნობას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]