weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სამართლიანი არჩევნები“ – თიანეთის მე-20 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს

10:47 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

„საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის N20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა გაიმართოს“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„N19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 5-6 საათზე ჩაატარა სხდომა და პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გახსნა N20 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების დალუქული პაკეტი და გადათვალა ბათილი ბიულეტენები. 

დადგინდა, რომ 5 ბიულეტენი, რომლიდანაც 4 ბიულეტენზე ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხოლო ერთზე ერთი კანდიდატი გადახაზული იყო, ხოლო მეორე შემოხაზული, საუბნო კომისიას ბათილად ჰქონდა მიჩნეული. ხუთივე შემთხვევაში ხმა მიცემული იყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისთვის. საოლქო კომისიამ აღნიშნული ბიულეტენები ნამდვილად ჩათვალა, რის შედეგადაც თიანეთის თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. საოლქო კომისიაში სხდომას ესწრებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი. 

თიანეთის N20 უბანზე კენჭისყრის, ხმის დათვლისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესს ასევე აკვირდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლი. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხმის დათვლის დროს არცერთი დამკვირვებელი ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია განსხვავებული აზრი ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. კომისიამ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ერთსულოვნად გადაწყვიტა საეჭვო ბიულეტენების ბედი და არცერთ დამსწრე პირს, მათ შორის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს არ გამოუთქვამს პროტესტი, რომ ნამდვილი ბიულეტენები საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის განცხადებით, ყველა ბათილი ბიულეტენი სწორად იქნა მიჩნეული ასეთად და არცერთი ბიულეტენი არ იყო, რომელზეც აშკარად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება და კომისიამ ბათილად ჩათვალა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია და ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ მოხვდა 5 ნამდვილი ბიულეტენი, რომელზეც აშკარად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება ბათილ ბიულეტენებს შორის. განსაკუთრებით საეჭვოა ის ფაქტი, რომ ხმის დათვლის პროცესში, უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია. 

არასტანდარტულია თავად საოლქო კომისიის მიერ ასეთი დაუყოვნებელი რეაგირება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებაზე დალუქული პაკეტის გახსნის და ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, რომელიც კომისიამ განიხილა წარდგენიდან 1-2 საათში, 22 ოქტომბერს გამთენიისას. წარსულში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საოლქო კომისიას „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარზე ასეთი მყისიერი რეაგირება მოეხდინა. ნიშანდობლივია, რომ საოლქო კომისიები თითქმის არასდროს აკმაყოფილებენ დალუქული პაკეტების გახსნის და ხმების გადათვლის მოთხოვნას, მაშინაც კი, როცა მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი. 

საოლქო კომისიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია, არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს იმის შესახებ, თუ რა დარღვევას ჰქონდა ადგილი ხმის დათვლის დროს, და მხოლოდ გაურკვეველ ვარაუდს ემყარება: „თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი N20 საუბნო საარჩევნო კომისიის ბათილი ბიულეტენების გადამოწმების მიზნით, მოგმართავთ თხოვნით, გახსნათ და გადაამოწმოთ დალუქული პაკეტი, რომელშიც ბიულეტენებია მოთავსებული ვინაიდან შესაძლოა სადავო ბათილი ბიულეტენების შედეგად გადაწყდეს მთლიანი არჩევნების ბედი“.  

მოყვანილი გარემოებები ეჭვის ქვეშ აყენებს მოცემულ ოლქში მერის არჩევნების შედეგებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მხოლოდ ოთხი ხმით გაიმარჯვა. საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის N20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა“. 

თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა: თამაზ მეჭიაური პარტიიდან „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ და ლელა ქიტესაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“. 22 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს 50.06% ჰქონდა, ლელა ქიტესაშვილს კი 49.94%. მოგვიანებით ცესკომ მონაცემები შეასწორა და ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა მიაკუთვნა, თამაზ მეჭიაურს კი 3077. იმავე დღეს, საღამოს, ცესკომ მე–20 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დაურთო, რომლის მიხედვითაც, კომისიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე ხელახლა გადათვალა მე–20 საარჩევნო უბანზე ბათილად მიჩნეული ბიულეტენები, საიდანაც 5 იყო სადავო და კომისიის განმარტებით, „რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება, კომისიამ იმსჯელა თითოეულის ბათილობის თაობაზე, ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ბიულეტენები მიიჩნია ნამდვილად და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს დაუმატა“. ამ ცვლილების შემდეგ ლელა ქიტესაშვილს 3081 ხმა აქვს, თამაზ მეჭიაურს კი 3077. შესაბამისად, ქიტესაშვილმა მეჭიაურს 4 ხმით გაუსწრო და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50.03%–ით პირველივე ტურში გაიმარჯვა. თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის საოლქო კომისიამ მერის არჩევნების შედეგების შეცვლის გადაწყვეტილება მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით მიიღო. მეჭიაური ამბობს, რომ ქუცნაშვილის მოთხოვნით მოხდა კენჭისყრის დასრულების შემდეგ საოლქო კომისიასთან სპეცრაზმის მობილიზებაც. მეჭიაური საოლქო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში ასაჩივრებს და არჩევნებში გამარჯვებულად ცნობას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]