weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამაზ მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში საია დაიცავს

12:58 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს. თამაზ მეჭიაური თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც კომისიამ N20 საარჩევნო უბანზე ბათილად ჩათვლილი 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილად მიიჩნია და ხმები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს დაუმატა. ამ ცვლილების შედეგად ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს ოლქის მასშტაბით არჩევნები 4 ხმით მოუგო.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო საოლქო–საარჩევნო კომისიის განკარგულებას გააუქმებს, კენჭისყრის შედეგები პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, რომლის მიხედვითაც ოლქის მასშტაბით, ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა ჰქონდა, თამაზ მეჭიაურს კი 3077. მეჭიაური ქიტესაშვილს არჩევნებს 1 ხმით უგებდა.

თამაზ მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. სარჩელიც საიას დახმარებით მომზადდა.

მეჭიაურის საარჩევნო შტაბის უფროსის მინდია შეთეკაურის განცხადებით, საოლქო კომისიამ განკარგულება, რომლითაც არჩევნების წაგების შემდეგ ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაუმატეს და გამარჯვებულად გამოაცხადეს, ზეწოლის შედეგად, პოლიციის კორდონით ჩაკეტილ ოთახში მიიღო, სადაც მათ წარმომადგენელს დასწრების შესაძლებლობაც არ მისცეს.

„არჩევნები ზაქარია ქუცნაშვილმა გამიყალბა. საოლქოს თავმჯომარე მისი ჩარევით არის დანიშნული ამ თანამდებობაზე, მდივანი კი მისი ბიძაშვილია. ქუცნაშვილი ძალიან ბევრ სიბინძურეშია გასვრილი. თუ არ გაემიჯნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქუცნაშვილს, მაშინ ჩავთვლი სამართლიანად, რომ „ქართული ოცნების“ კრებსითი სახე არის ქუცნაშვილი და ჩემთვის ნებისმიერი არის ქუცნაშვილი. აქედან გამომდინარე, ჩემი ურთიერთობა მათთან, როგოც მეგობრებთან შეწყდება“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

დღესვე თიანეთში მერის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „სამართლიანმა არჩევნებმა“. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებით, არასტანდარტულია საოლქო კომისიის მიერ ასეთი დაუყოვნებელი რეაგირება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებაზე დალუქული პაკეტის გახსნის და ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, რომელიც კომისიამ განიხილა წარდგენიდან 1-2 საათში, 22 ოქტომბერს გამთენიისას. მათივე თქმით, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია, არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს იმის შესახებ, თუ რა დარღვევას ჰქონდა ადგილი ხმის დათვლის დროს და მხოლოდ გაურკვეველ ვარაუდს ემყარება. „სამართლიანი არჩევნები“ თიანეთის მე–20 უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.

მე–20 უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უბანზე რეგისტრირებული 963 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 499–მა მიიღო. 247 ხმა დააგროვა თამაზ მეჭიაურმა, 228 ხმა ლელა ქიტესაშვილმა. 24 ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]