weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიების და დანამატების განაწილება მაქსიმალურად შეიზღუდება - ირაკლი კობახიძე

01:00 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ, დაწყებულია ამ კანონპროექტის განხილვა და მისი მიღების შემდეგ სრულად მოწესრიგდება სისტემა. ჩვენ გადავალთ შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე და მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების და დანამატების განაწილება - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის"გადაცემაში.

"გასულ წელს არსებითად შევკვეცეთ ბიუროკრატიული ხარჯები. ვგულისხმობ 10%-იანი კლების რეფორმას, რომელიც განხორციელდა მთავრობის მიერ და ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. დღეს საკითხი უკვე წესრიგდება კანონის დონეზე. ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოწესრიგებული გვაქვს. პარლამენტში არცერთი დეპუტატი არ იღებს პრემიას. აქ არის საუბარი შრომის ანაზღაურებაზე, რომელიც შედგება სარგოსგან და დანამატისგან. დანამატიც არის ფიქსირებული. არცერთი თეთრი პრემია არ გაცემულა პარლამენტში", - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ახალი ამბების სააგენტო "რეგინფომ" თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით დანამატს ყოველკვირეულად ან 10 დღეში ერთხელ იწერს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ანაზღაურებამ 2016 წელს 142 609 ლარი შეადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში ხელფასთან ერთად დანამატი 36-ჯერ აიღო. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო. კახეთის საოლქო პროკურორმა ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს ხელფასთან ერთად დანამატი 23-ჯერ მიიღო, სულ ჯამში 101 240 ლარი, რაც პრემიერ-მინისტრის ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტია. საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უკლებლივ ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც. თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილეა, 2016 წელს 121 152 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებრივი სარგო 35 400 ლარია, ხოლო 29-ჯერ მიღებული დანამატები ჯამში 85 752 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]