weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს

11:49 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დაკავების შემდეგ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სააკაშვილი პარასკევს, გვიან ღამით დააკავეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავების დროს მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია.ოფიციალური ინფორმაციით, მისი დაკავება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

პროკურატურა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, დაკავების დროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„სააკაშვილი თვლის, რომ მას დევნიან პოლიტიკური მოტივებით. ის უკრაინელ ხალხს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. მან თავის მეუღლეს, სანდრა რულოვსს სთხოვა, მისი მთავარი სპიკერი, საჯარო წარმომადგენელი გახდეს, რათა დაიცვას მისი უფლება და თავისუფლება“, - განაცხადა ადვოკატმა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილის პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, მაგრამ მხარდამჭერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ მიკროავტობუსს, რომლითაც სააკაშვილი გადაჰყავდათ, ალყა შემოარტყეს, მოგვიანებით კი მისი გათავისუფლება მოახერხეს,რის შემდეგაც პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ის უკრაინელებს 10 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ოქტომბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის ემზადებოდნენ. 24 ოქტომბერს უკრაინის ხელისუფლებამ მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]