weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

11 დღეა თიანეთში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია - ზაქარია ქუცნაშვილი

14:28 პარასკევი, 12 იანვარი 2018

თიანეთში მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია. 2 დაბის და 80 სოფლის მოსახლე იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდეს. ბოლო 4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის  გამო გაჩერდა, - სოციალურ ქსელში წერს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

„წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსების ან მეტროს სახით თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას  გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად, სოფლის ექიმთან ბავშვის ან მისი ოჯახის სხვა წევრის გასასინჯად მისასვლელად და ასევე ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის იაფი  მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდებ“, - აღნიშნავს ქუცნაშვილი. 

მისივე თქმით, მერს ხელთ აქვს ყველა საჭირო ფინანსური სახსარი და მარტივი პროცესის ორგანიზებას ვერ ახდენს: აღმაშფოთებელია როდესაც თვითონ გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის წირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის  თანამშრომლებს საშეშე მერქანს არ უგზავნიან. თიანელები წარსულში დაბრუნებას და მითუმეტეს ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ!“ 

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კვირაში ორჯერ ან ერთხელ იაფი ტრანსპორტი რამდენიმე წელია მოძრაობს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდეა. პროგრამას უმეტესად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ იაფი ტრანსპორტი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გაჩერებულია. მისი განმარტებით, ტენდერი გუშინ, 12 იანვარს ჩატარდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. მისივე ინფორმაციით, იაფი ტრანსპორტი მუშაობას 15 იანვრიდან განაახლებს.

„წინა კონტრაქტორს ვადა ამოეწურა 2017 წლის დეკემბრის ბოლოს. ვიდრე ხელშეკრულება დასრულდებოდა, შესყიდვების სამსახურის უფროსმა 12 დეკემბერს მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ქუცნაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და სთხოვა, ტენდერის გამოცხადებაზე საკითხი საკრებულოსთან შეეთანხმებინა. საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საკრებულოს სხდომა წინა დღეს ჰქონდათ და ახალ სხდომას ერთი საკითხის განსახილველად ვერ მოიწვევდნენ. მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს იყო. საკითხი განიხილეს, ტენდერიც იმავე დღეს გამოვაცხადეთ. 10 იანვარს დასრულდა და 12-ში გამარჯვებული გამოვლინდა“, - უთხრა მეჭიაურმა „რეგინფოს“.

ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის დაპირისპირება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო. ქუცნაშვილი მხარს „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს, იმ დროისთვის მოქმედ გამგებელს ლელა ქიტესაშვილს უჭერდა, თამაზ მეჭიაური კი კენჭს თავისი პარტიიდან იყრიდა. მეჭიაური ქუცნაშვილს და ქიტესაშვილს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებდა. დაპირისპირება არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. მეჭიაურმა არჩევნები 1 ხმით მოიგო, მაგრამ საოლქო-საარჩევნო კომისიაში შედეგები შეუცვალეს და გამარჯვებულად ლელა ქიტესაშვილი გამოაცხადეს. ამ პერიოდში ქუცნაშვილმა და მეჭიაურმა სატელევიზო ეთერით ერთმანეთი კორუფციაში დაადანაშაულეს. მეჭიაურის თქმით, ქიტესაშვილის დახმარებით ქუცნაშვილი საბიუჯეტო რესურსებს ითვისებდა. საბოლოოდ, სასამართლომ არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური აღიარა. დაპირისპირება ახლაც გრძელდება.

თიანეთის საკრებულომ მერის მიერ წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე 2-ჯერ ჩააგდო. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური საკრებულოს ქმედებებში პოლიტიკურ მოტივს ხედავს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს. თუ 2018 წლის 1 აპრილამდე, ბიუჯეტის პროექტი არ იქნა დამტკიცებული, საქართველოს მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]