weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომის მერი - მზად ვარ უარი ვთქვა საკუთარი ანაზღაურების გაზრდაზე

17:27 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას განცხადებით, ის უარს ამბობს საკუთარი ანაზღაურების გაზრდაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მხარდამჭერ წევრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მერიის სხვა თანამშრომლებისთვის კანონით გათვალისწინებული ხელფასის გაზრდას.

„უკვე რამდენიმე თვეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ კრიზისის შექმნას. უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი საკრებულოს წევრების დესტრუქციული ქმედებების შედეგია. მათი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო თვეების განამვლობაში უხელფასოდაა დარჩენილი ასეულობით ადამიანი, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან.

მსგავსი დესტრუქციული სახის ქმედებები აფერხებს მუნიციპალური სამსახურების გამართულ საქმიანობას, ამის გამო კი მოსახლეობას შესაბამისი სერვისებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა.

რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, ისინი საუბრობენ, რომ თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონი ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის დემოკრატიულად არჩეული მერი, მზად ვარ უარი ვთქვა საკუთარ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე.

მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მხარდამჭერებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლისთვის კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ზრდას, საშულება მისცენ მერიის თანამშრომლებს სრულყოფილად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და დაასრულონ ის დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს უკანასკნელი დღეების და თვეების მანძილზე“, - ნათქვამია ლევან ლიპარტიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც. საკრებულოს უმრავლესობას მერიის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელფასის 900 ლარით, ხოლო მერიის სამსახურების უფროსებისთვის 450 ლარით გაზრდას.

28 თებერვალს საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა ზაზა ჩაჩანიძის გადადგომა მოითხოვეს.

დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული, პოლიციელები საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს შენობაში არ უშვებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს, საკრებულოს შენობაში დაპირისპირების და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ უშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]