weather cur horoscope tv
ოქტომბერი 28, 2020

14 საკრებულოდან 12–მა უკვე დაუჭირა მხარი თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებას

13:35 შაბათი, 20 მაისი 2017 hits 2072

თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისა და ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასა და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე 14 საკრებულოდან 12–მა უკვე იმსჯელა. 12–ვე საკრებულომ რეგიონული განვითარების სამინისტროდან წარდგენილი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

10 ხმით 2–ის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირეს ქალაქ მცხეთის საკრებულოში. „ძალიან სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია მუნიციპალიტეტების გაერთიანება და მხარი დავუჭირე. შეერთების შედეგად მცხეთის ბიუჯეტი გაიზრდება და შეჩერებული პროექტების დასრულებას შევძლებთ“,-  უთხრა „რეგინფოს“ ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ გაბრელიანმა. ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას 23 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მცხეთის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც.

ხმაურის ფონზე განიხილეს საკითხი ქალაქ გორის საკრებულოში, სადაც თემისა და ქალაქის გაერთიანებას მხარი 9 დაპუტატმა 4–ის წინააღმდეგ დაუჭირა. გორის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი მუნიციპალიტეტების გაერთიანების მომხრე 15 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი 12.

ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხს მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ორი დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ 7-მა დეპუტატმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად საკითხის დაყენებისთანავე დატოვა. ზუგდიდისთის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი ჯერ არ განუხილავთ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში.

28 ხმით 5–ის წინააღმდეგ – მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზეც. ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში საკითხი 19 მაისს უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ამ საკითხზე დეპუტატები ორშაბათს, 22 მაისს, 16:00 საათზე იმსჯელებენ.

ქალაქ ამბროლაურის საკრებულოში საკითხის განხილვას 15 წევრიდან 12 ესწრებოდა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარი 7–მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგია. ამბროლაურის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხის განხილვას საკრებულოს 33 წევრიდან 26 დაეწრო. მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი 25-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგ წავიდა.

ქალაქ ახალციხის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას მხარი დაუჭირა 9 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ახალციხის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ საკითხს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგ წავიდა.

ქალაქ თელავის საკრებულოში, თელავისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირა 7–მა დეპუტატმა 5–ის წინააღმდეგ. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი 18 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს საკრებულოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]