weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

14:17 ორშაბათი, 05 მარტი 2018
ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და მერიის თანამშრომლები, რომლებიც ხუთშაბათს გაიფიცნენ, დღეს სამსახურში გამოცხადდნენ და მუშაობა განაახლეს. ლევან ლიპარტიას განცხადებით, ისინი კვლავ ითხოვენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ხელფასების გაზრდას. მერია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით დღის ბოლომდე მიმართავს.

„მერიის საშტატო ნუსხას საკრებულოს შეცვლილი სახით წარვუდგენთ. ჩემი თანამდებობრივი სარგო  უცვლელი დარჩება. ვითხოვთ, რომ ხელფასები მერის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს იმავე ოდენობით მოუმატონ, როგორც აქამდე ვითხოვდით“, - უთხრა ლევან ლიპარტიამ „რეგინფოს“.

საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმართვიდან 3-7 დღის განმავლობაში დაინიშნება. მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობა წარდგენილ საშტატო ნუსხას განიხილავს დაგადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

აქამდე ბორჯომის მერია ითხოვდა, საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 2650 ლარიდან 3450 ლარამდე გაეზარდა, მერის მოადგილეების ხელფასი 2000 ლარიდან 2400 ლარამდე, ხოლო სამსახურების უფროსების 1550 ლარიდან 2000 ლარამდე. საკრებულომმერიის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ უმრავლესობამ მერიის ხელმძღვანელი პირების ხელფასების გაზრდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების ფონზე, მიზანშეწონილად არ მიიჩნია. საკრებულომ მერიას შესთავაზა, მერის ხელფასი 200 ლარით, სამსახურების უფროსების კი 150 ლარით გაზრდილიყო, რაზედაც მერიამ უარი თქვა. იანვარ-თებერვალში საშტატო ნუსხის დაუმტკიცებლობის გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა 2 თვის ხელფასი ვერ აიღეს.

თვეების განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც უმცირესობაში არიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 წევრიდან 15 ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს, აქედან 11 „პატრიოტთა ალიანსს“. ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე 28 თებერვალს პირველად მივიდნენ. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე ისევ უარი თქვა, საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტები მოჰყვა ბორჯომის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრის სერგო რატიანის გამოჩენას. რამდენიმე საათის განმავლობაში როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში მუშაობა პარალიზებული იყო.

გვიან საღამოს საკრებულოს 17 წევრი შეიკრიბა და 13 ხმით 4-ის წინააღმდეგ მერიის საშტატო ნუსხა და ხელფასების გაზრდის საკითხი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩიშვილი თავმჯდომარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ სხდომის ოქმს და განკარგულებას ხელი არ მოაწერა. ჩაჩანიძის განმარტებით, საკრებულოს წევრებს რიგგარეშე სხდომის მოწვევა იმავე დღეს არ შეეძლოთ და სხდომა არალეგიტიმური იყო.

მომდევნო დღეს, 1-ელ მარტს, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს პოლიცია საკრებულოს შენობაში არ უშვებდა. შსს-ს განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]