weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის საკრებულომ მერიას მეექვსედ უთხრა უარი ხელფასების გაზრდაზე

00:03 პარასკევი, 16 მარტი 2018
ბორჯომის საკრებულომ მერიას მეექვსედ უთხრა უარი ხელფასების გაზრდაზე ფოტო © პირველი არხი

16 მარტს აღარ გაიმართება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მეექვსედ უნდა განეხილათ მერიის ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების და მერის მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მერიას დოკუმენტი ისევ უკან დაუბრუნა. კომისიის თავმჯდომარის თედორე მელიქიძის თქმით, საკრებულოს წევრები კვლავ არ დაეთანხმნენ ხელფასების გაზრდას მერიის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.

საკრებულო მერიას სთავაზობს, მერის მოადგილეების ხელფასი 2000 ლარიდან გაიზარდოს 2200 ლარამდე და არა 2600 ლარამდე, როგორც ამას მერია ითხოვს. სამსახურების უფროსების კი 1550 ლარიდან გაიზარდოს 1700 ლარამდე მოთხოვნილი 2000 ლარის ნაცვლად, განყოფილების ხელმძღვანელების კი 1400 ლარამდე.

საკრებულოდან ხუთჯერ უარის თქმის შემდეგ მერმა თვითონ განაცხადა, რომ საკუთარი ხელფასის გაზრდას აღარ მოითხოვდა, თორემ მანამდე მერიც ითხოვდა ანაზღაურების გაზრდას 2650 ლარიდან 3500 ლარამდე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი გეგმიური სხდომა 28 მარტისთვის არის დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო არც ამ სხდომაზე დაამტკიცებს მერიის საშტატო ნუსხას, მერიის თანამშრომელები ხელფასს ვერც მარტში აიღებენ. მათ იანვარ-თებერვლის ხელფასიც არ მიუღიათ.

„თუ საკრებულო მერიის ახალ საშტატო ნუსხას არ დაამტკიცებს, ეს იქნება საბოტაჟი და მცდელობა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში კრიზისი ხელოვნურად გამოიწვიონ“, - აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა. საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში აქვს. 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც, რომლის თანამდებობიდან გადადგომასაც ფრაქცია "ქართული ოცნება" და ბორჯომის მერიის თანამშრომლები ითხოვენ. ამ და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მერი და მერიის თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ კიდეც.

 

ამ თემაზე:

ბორჯომის საკრებულოსთან სპეცრაზმია მობილიზებული

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს პოლიცია შენობაში არ უშვებს

აღმაშფოთებელია რომ ჩინოვნიკების ხელფასის გაზრდა სპეცრაზმის ჩარევით ხდება - ეკა გიგაური 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]