weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აღმაშფოთებელია რომ ჩინოვნიკების ხელფასის გაზრდა სპეცრაზმის ჩარევით ხდება - ეკა გიგაური

14:00 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

„პირველ რიგში აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდა უკვე სპეცრაზმელების დახმარებით მიმდინარეობს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მომხდარიყო, სადაც საზოგადოებაში ძალიან დიდი აღშფოთების საგანია ის, რომ იზრდება შტატები, სახელმწიფო მოხელეების რაოდენობა, ეზრდებათ ხელფასები, მაგრამ მათი მუშაობის ხარისხი არ გაზრდილა“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ როდესაც საკრებულოში უმრავლესობით ოპოზიციაა წარმოდგენილი, ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაში იმ რესურსის გამოყენება, რომელიც ხელისუფლებას შეუძლია სპეცრაზმის სახით, არ შეიძლება. თავდაყირა აყენებენ კოლეგიალური ორგანოს მუშაობის პრინციპებს, რაც ძალიან პრობლემატურია“, - უთხრა გიგაურმა „რეგინფოს“.

მისივე თქმით, სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიმუხტოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ სპეცრაზმი არ იყოს წარმოდგენილი, რადგან თუ რაიმე დაპირისპირებას აქვს ადგილი, არის პოლიცია, ეს სხვა სახით უნდა მოგვარდეს და სპეცრაზმი ამაში არ უნდა ერეოდეს.

სპეცრაზმი ახლავე უნდა გაიყვანონ ბორჯომიდან. აქ არ არის საუბარი ტერორისტებზე, საუბარია ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩეულ საკრებულოს წევრებზე. თუნდაც არ ჩაერთოს სპეცრაზმი ამ კონკრეტული კონფლიქტის დარეგულირებაში, მათი იქ ჩაყვანა არაპირდაპირი ზეწოლაა საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოთხოვნებსა და მოსაზრებებს.

ვფიქრობ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ მომავალში თუ სხვა საკრებულოში ვინმე ოპონირებას გაბედავს, მათაც შეიძლება ასეთი პრობლემები შეექმნათ“, - ამბობს ეკა გიგაური.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს უმრავლესობას მერიის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელფასის 900 ლარით, ხოლო მერიის სამსახურების უფროსებისთვის 450 ლარით გაზრდას. „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მერიის მოსამსახურეები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ. 28 თებერვალს საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს და ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს წევრებს პოლიცია დღეს დილიდან შენობაში არ უშვებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს, საკრებულოს შენობაში დაპირისპირების და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ უშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]