ბორჯომის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, მერიის სამსახურების უფროსების ხელფასი 1550 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო განყოფილებების უფროსები 1250 ლარის ნაცვლად 1600 ლარს მიიღებენ. გოგიჩაიშვილის თქმით, საკრებულოს აპარატის 13 თანამშრომლის ხელფასი 100 - 150 ლარით გაიზრდება.
რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე 22 დეპუტატიდან, მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის წინააღმდეგი მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ვიოლეტა ბალახაშვილი იყო. სხდომას არ დაესწრნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საკრებულო მერიას ხელფასების გაზრდასა და საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე უარს ეუბნებოდა. ხელფასების გაზრდის წინააღმდეგი იყო საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც, რომელიც 28 მარტის სხდომაზე გადააყენეს. „ქართული ოცნების“ წევრებმა, „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრის დახმარებით, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტი მას შემდეგ მოითხოვეს, რაც საკრებულომ მერიას მეექვსედ უთხრა უარი ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე. ერთი თვის წინ, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მერი და მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ კიდეც.