ირაკლი კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყნის კლუბებშიც არაერთხელ მომხდარა.
„როდესაც არის კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორცილდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და საჭიროა, ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა.
თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტი - ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა გუშინ შსს-ს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რომელიც განხორციელდა, ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს, თუმცა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც შსს-გან მოვისმინეთ - შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპროციული.
ხელკეტიც კი არ გამოუყენებია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პროცესებში, რომელიც გუშინ ვიხილეთ. სხეულის დაზიანება არის ხოლმე ჩვეულებრივი მოვლენა ასეთ პროცესებში, თუმცა იმდენად რბილად მოქმედებდა შსს, როგროც შიგნით ისე გარეთ, სხეულის მსუბუქი დაზიანებაც კი არ მოჰყოლია. ეს მეტყველებს იმაზე რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების და პროპორციულობის სულისკვეთებით.
მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის, რომ გუშინდელი ღონისძიების შედეგად შესაძლოა ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. იყო კონკრეტული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა კონკრეტული ღონისძიება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი. სამინისტრომ კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით ბოლო 3 თვის განმავლობაშია გადაღებული.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული 8 ადამიანი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, 21:00 – 22:00 საათის შუალედში დააკავეს. ლომჯარიას თქმით, დაკავების დროს ისინი კლუბის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.
სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად 12 მაისს, 15:00 საათიდან, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.