weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით – გიორგი მარგველაშვილი

12:08 ორშაბათი, 14 მაისი 2018

ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები მოჰყვა 12 მაისს, თბილისში, ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც გაირკვა ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა.

13-14 მაისს, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებიც ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარებას და მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ. ამავე დროს, აქციის მონაწილეები პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

14 მაისს, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით გამართული აქციის საპირისპიროდ რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშის“ და სხვა ამგვარი ორგანიზაციების აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს პროტესტი შეეწყვიტათ და რუსთაველის გამზირი დაეტოვებინათ.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, პოლიცია, წყლის ჭავლის მანქანები. პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ყველა მხრიდან პოლიციელებს ჰქონდათ გადაკეტილი და საპირისპირო აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

გვიან ღამით, მოლაპარაკება გაიმართა „თეთრი ხმაურის“ აქციის ორგანიზატორებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის, რის შემდეგაც მინისტრი აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეებს ბოდიში მოუხადა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამინის უფლებების დარღვევისთვის. მინისტრი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ დაისჯება ყველა თანამშრომელი, ვინც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და შეიცვლება ნარკოპოლიტიკა, რისთვისაც სამუშაოები დღეიდანვე დაიწყება. მინისტრის დაპირებების შემდეგ საპროტესტო აქცია დაიშალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]