weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წულუკიანის პასუხი არასამთავრობოებს - ჩემს ადგილას ყოფნა თუ უნდათ, არჩევნებში შევეჯიბროთ

19:12 კვირა, 10 ივნისი 2018

„თუ მათ უნდათ, ამ რამდენიმე ორგანიზაციას, ხელისუფლებაში ყოფნა, ჩემს ადგილას ყოფნა, ამისთვის საუკეთესო გზა არის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ერთმანეთს არჩევნებში შევეჯიბროთ“, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას, მინისტრის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერს იუსტიციის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით 5 ივნისს მიმართეს. „მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ბოლო პერიოდში პირველად არ ვხედავთ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის ადეკვატური იმ მოვლენების მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მათ შორის იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების სრული კონსენსუსი არსებობს პროკურატურის მიმართ უნდობლობაზე და კონკრეტულად, უნდობლობაზე მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც გადადგა, თეა წულუკიანი კვლავაც მადლობას უხდიდა მას და ადეკვატურად ვერ აფასებდა იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც არსებობს პროკურატურასთან და მთლიანად მართლმსაჯულებასთან მიმართებაში“, - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ თეა წულუკიანი თანამდებობაზე დარჩება, მასთან ერთად კონსულტაციების მაგიდასთან არ დასხდებიან და ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია.

„მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ ის ლოგიკურად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ: „ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს. აქამდე ვუყურებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვის, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამასა აწიეს და თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]