weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოზურგეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მეორე დღეა შიმშილობენ

15:08 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - დავით მჟავანაძე, ბესიკ ქათამაძე და თორნიკე გოგუაძე მეორე დღეა შიმშილობენ. ისინი ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ.

„ჩვენ მოთხოვნები „ქართული ოცნებას“ უკვე წავუყენეთ, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოთხოვნები, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, ხელისუფლება რა ნაბიჯებს გადმოდგამს. ვიდრე შიმშილობას დავიწყებდით, ყველა კანონიერი ზომა გამოვიყენეთ - დავურეკეთ, ვთხოვეთ, რომ შეგვხვედროდნენ და გაგვსაუბრებოდნენ. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან რეაგირება იყო ნოლი და მივედით ამ ზომამდე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ.

მისივე თქმით, მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება და მათ სხვადასხვა რაიონიდან კოლეგები შეუერთდებიან.

დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს, ბესიკ ქათამაძეს ოზურგეთის საკრებულოს შენობაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 15 ივნისს მიაყენეს. ქათამაძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ და რკინის ნაჭერი ჩაარტყეს, რის გამოც თავის არეში დაზიანება მიიღო. ქათამაძე ამბობდა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა და პოლიტიკური განცხადებები გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ დეპუტატს - ტარიელ აროშიძეს. აროშიძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ბესიკ ქათამაძის თქმით, მასზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებიც მონაწილეობდნენ და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]