weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარგად ვიცი ამ ხალხის მდგომარეობა, ძირითადი შემოსავალი ხე-ტყეა – სუბარი

22:50 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

„მესმის, რომ ზოგჯერ კანონის ზღვარზე გადის ხალხის მოქმედება, მაგრამ კარგად ვიცი მათი მდგომარეობა. მათთვის ერთადერთი თუ არა, ძირითადი შემოსავალი არის ხე-ტყე და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ხალხს ალტერნატიული შემოსავალი ჰქონდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

კითხვაზე, რა საჭირო იყო ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმისა და პოლიციის შეყვანა, სუბარმა უპასუხა, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება ლეგიტიმური ქმედებები განახორციელოს და ამ მხრივ საქართველოს რომელიმე ნაწილი გამონაკლისი ვერ იქნება.

„თუმცა, ძალიან ხშირად ჩვენ გვიწევს გავითვალისწინოთ მთელი რიგი გარემოებები. ის, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ხალხს ძალიან უჭირს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მისი ინფორმაციით, ხაიშიდან სპეცრაზმი გასვლას იწყებს და უახლოეს საათებში გზა გაიხსნება.

„ხალხთან დიალოგს ბუნებრივია გავაგრძელებთ. უახლოეს დღეებში სამთავრობო გუნდთან ერთად ჩამოვალთ, რომ ვილაპარაკოთ რამდენიმე ხეობის შემოსავლებსა და დასაქმების გზებზე და ა.შ. რაც შეეხება კანონს, კანონის გვერდის ავლის შემთხვევები ზოგადად რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს“, - განაცხადა სუბარმა.

26 ივლისს, დილიდან სვანეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სპეცრაზმია შესული. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენას ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანეს საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

ხაიშისა და ჭუბერის მცხოვრებლების თქმით, ხე-ტყე მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]