გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს ბევრი მეგობარი ჰყავს.
„მოსაწვევები გავუგზავნეთ იმ ქვეყნების ლიდერებს, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს. კერძოდ, შესაბამისი წერილები გავუგზავნეთ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს, ასევე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგ წარმომადგენლებს. მოწვეულნი არიან რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტების წარმომადგენლებიც, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთს აქტიურად ეხმარებოდნენ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ 2018 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიის გარდა სხვა სახელმწიფოებმაც აღიარონ, ხაჯიმბამ თქვა, რომ დიპლომატიური საქმიანობა საკმაოდ სპეციფიკურია და ნაადრევ ანონსებს არ ითვალისწინებს.
„რა თქმა უნდა, სამუშაოები გრძელდება და სირიის მხრიდან აღიარება ამის ერთ-ერთი შედეგია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად და საერთაშორისო აღიარების გასაფართოვებლად. აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები არ დაუმყარებიათ, თუმცა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები ვითარდება. მისივე თქმით, საქართველო ხელოვნურ ბარიერებს ქმნის და მსოფლიოსგან აფხაზეთის იზოლირებას ცდილობს.
რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ომის მეცხრე წლისთავზე ვლადიმერ პუტინი სოხუმში იყო ჩასული.