weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ჭუბერში ადგილობრივებს ხვდებიან

16:01 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვდებიან. როგორც სუბარმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მოსახლეობას სვანეთის განვითარების მოკლე და გრძელვადიან გეგმებს გააცნობენ.

„ჩამოვედით მზა წინადადებებით. ეს წინადადებები შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად: გრძელვადიან წინადადებებად, რომლებიც გულისხმობენ, სამომავლო განვითარებას როგორც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ისე ხე-ტყის დამუშავების მხრივ, რათა ხე-ტყის დამუშავება მართლა ლეგალურ და ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცეს. მეორე მხრივ, საუბარი შეეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოკლევადიან პერსპექტივში, რომ პრობლემები, რაც მეწარმეებს აქვთ, იქნეს გადალახული. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის 99%-სთვის ეს წინადადებები მისაღები იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პირველ არხთან ინტერვიუში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების მდგრადი გამოყენებაა: „ამ რესურსით სვანეთი ძალიან მდიდარია. აქ შეიძლება გადამამუშავებელ მრეწველობაზე იყოს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, ტყის ნარჩენების გამოყენება. ესეც ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულება შეიძლება იყოს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, 26 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მესტიის რაიონში შევიდა და ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროები დალუქა. ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელის მობილიზება მოხდა, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ისინი ამბობდნენ, რომ ხე-ტყე მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მუშაობაში ხელი შეუშალა, საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად მთავარი გზა გადაკეტა და მხოლოდ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გახსნა. სოზარ სუბარი მათ დაპირდა, რომ რეგიონის განვითარებასა და შემოსავლის ალტერნატიულ გზებზე სასაუბროდ სვანეთში უახლოეს დღეებში, სამთავრობო გუნდთან ერთად ჩავიდოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]