weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი“ ხუმრობით ვთქვი - ქორეპისკოპოსი იაკობი

09:52 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის განმარტებით, იხუმრა, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი“ უწოდა. მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება, რომ მღვდელმთავრებმა პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გააკეთონ, მას არ ეხება.

„მე ყოველდღე ვხვდები ჩვენს უწმინდესს. დღესაც ვიყავი. იმის გამო ვრეკავ, რომ იცოდეთ, რომ ეგ მიმართვა მე საერთოდ არ მეხება. აბსოლუტურად არ მეხება მე. იქ გამახვილებული იყო ყურადღება მათზე, ვინც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ – ან არ დაუჭიროთ მხარი კონკრეტულ პიროვნებას, ან მტერია, ან რაღაცა. ჩემს ნათქვამზე ქალბატონ სალომეს არ ჰქონია ისეთი გამოხმაურება… თქვა, რომ მეუფეს რაც უთხრეს იმ მომენტში, იმაზე გასცა პასუხიო. თან, მე იუმორით გავეცი პასუხი - კრამიტები და „კანაფის დედოფალიც“. ორივე მე ვთქვი კი, არ უარვყოფ, მაგრამ ვხუმრობდი… ეს იყო ხუმრობის ფორმა“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს.

მეუფე იაკობმა ასევე განმარტა, რომ მღვდელმთავარი სრულიად დამოუკიდბელი პიროვნებაა და თავის ეპარქიაში აბსოლუტური ძალაუფლება აქვს.

„მხოლოდ სინოდს შეუძლია აუკრძალოს. პატრიარქი ჩვენი ყველას მამაა. მადლობა ღმერთს, ყველა მისი ნაკურთხი ვართ. როგორც ქრისტეს ჰყავდა 12 მოციქული თავისი გამორჩეული, პატრიარქს ჩვენ ვყავართ გამორჩეული. მე რომ რამე მითხრას - ამაზე გაჩერდიო, ყოველთვის ვიგებ. ალბათ ზომიერების ფარგლებში უნდა ჩავჯდეთ. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს და მართალიც იყო, მაგრამ პატრიარქი როცა გეუბნება, ალბათ უნდა ჰკითხო - როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო“, - აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

19 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებს მოუწოდა პოლიტიკური შინაარსის და არაკორექტული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან“, - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ სასულიერო პირებს შეახსენა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]