„რესპუბლიკელების“ განცხადებით, კანონპროექტის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა მიმართ წლების განმავლობაში არსებული უსამართლო და არაადეკვატური სასჯელების შედეგად მორალური და მატერიალური ზიანის აღმოფხვრისათვის, მათი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშესაწყობა, ასევე, თვისობრივად ახალი ნარკოპოლიტიკის განხორციელებისა და ამოქმედებისათვის წინაპირობის შექმნა.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ნორმების სიმკაცრე წლების განმავლობაში ცხადყოფდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გადაიზარდა ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფაში და ადამიანების წინააღმდეგ ომში“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
ის „ბირჟა მაფიის“ წევრი რეპერების დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხზე საკუთარი რიტორიკა მხოლოდ ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტის შემდეგ შეცვალა.
„ამ საქმემ გამოავლინა ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში ის, რომ ნარკოტიკების ჩადება ისევ გამოიყენება როგორც მეთოდი ადამიანების ცხოვრების განადგურების, მათთვის მომავლის წართმევის; მეორე ის, რომ ხელისუფლება იმართება კონკრეტული ჩრდილში მყოფი ადამიანების ნების შესაბამისად. მთავრობის ვერცერთი წევრი ვერ ბედავს საკუთარი მოსაზრების გაჟღერებას მანამ, სანამ მწვანე შუქი არ ექნება ანთებული იმ პირების მიერ, რომლებიც რეალურად მართავენ მთავრობას“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის თალსაზრისით კანონი ზედმეტად მკაცრია და მოუწოდა პარლამენტს, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი მიიღოს. პრემიერ-მინისტრის შემდეგ, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში რეპერების მხარდამჭერი ტექსტი გამოაქვეყნა, რასაც პირველი ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადება მოჰყვა.
ამ განცხადებებს წინ უძღოდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული „ბირჟა მაფიის“ წევრების მიშკა მგალობლიშვილსა (Young Mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) მხარდასაჭერად თბილისში გამართული ხალხმრავალი აქცია.